სიახლეები

სახალხო დამცველი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

2019 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა და ქვეყანაში ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილა.

მხარეებმა სახალხო დამცველის აპარატსა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მჭიდრო თანამშრომლობის უფრო მრავალფეროვან სტადიაში გადასვლის პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ დაგეგემილია ახალი გაფართოებული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ორივე ინსტიტუციის სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.

შეხვედრაზე ერთ–ერთ საკითხად განიხილეს ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, ტრენინგებისა და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრების ორგანიზება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გაძლიერების მიზნით.

ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით მომართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან სახალხო დამცველისადმი ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე მომართვიანობა 96–დან 776–მდე გაიზარდა, რაც აპარატის ცნობადობის გაზრდასთან ერთად საკითხისადმი მგრძნობელობის მატების მაჩვენებელიც არის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი მაია გედევანიშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)