სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეწვია
2021 წლის 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა პანსიონის ხელმძღვანელს, დაათვალიერა დაწესებულება და გაეცნო ბავშვებს. მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეისწავლეს პანსიონში არსებული დოკუმენტაცია და გაესაუბრნენ არასრულწლოვნებს.
„რა თქმა უნდა, გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები ქონდათ, იმიტომ, რომ მათ ჩვენს შესახებ ძირითადად, კარგი არაფერი სმენიათ. დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა და ბუნებრივია, ბარიერი იქნებოდა,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა და აღნიშნა, რომ მომავალში უფრო საფუძვლიანი, ხანგრძლივი ვიზიტები გაიმართება, ვინაიდან, სამუშაო ძალიან ბევრია.
ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი გამოწვევა, როგორც დაწესებულების და ბენეფიციართა დოკუმენტაციის წარმოების ასევე, არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის კუთხით. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით და ფსიქოლოგის მონაწილეობით, შეხვდნენ პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვნებს. შეხვედრებისას ბავშვებთან დამატებითი მუშაობის და ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება გამოჩნდა.
ამჟამად ნინოწმინდის პანსიონში 15 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი ბენეფიციარი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან დაწესებულებაში და ახორციელებენ ბენეფიციარების საჭიროებების შეფასებას, მათ შორის, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში გადაყვანის საკითხს. სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული პროცესის მჭიდრო მონიტორინგს და შეფასებას.
ვიზიტის ბოლოს შედგა შემაჯამებელი შეხვედრა პანსიონის ხელმძღვანელთან, სადაც განიხილეს პირველადი შესწავლის შედეგად გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომელთა საფუძველზეც დაწესებულების ხელმძღვანელობას მიეცა არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის, არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლის და ამ კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის, აღზრდის ფორმის ცვლილებისა და დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით. შეხვედრისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისა და რეკომენდაციების გათვალისწინების სრული მზაობა გამოთქვა.
სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს მომავალშიც გეგმავს არაერთ ვიზიტს ნინოწმინდის პანსიონში, იქ არსებული მდგომარეობის სრულფასოვანი შესწავლის, არასრულწლოვანთა საჭიროებების შეფასებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით.
სახალხო დამცველი მიესალმება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, უზრუნველყონ დაწესებულებაში სახალხო დამცველის საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციის შესრულება.