სიახლეები

საერთაშორისო ექსპერტის სამუშაო შეხვედრები ბავშვის უფლებათა ცენტრში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2014 წლის 3-11 ივნისს, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი, ყოფილი ნორვეგიის ბავშვთა ომბუდსმენი 2004 –2012 წლებში რეიდარ ჰერმანი.

ნორვეგიელი ექსპერტის ვიზიტის მიზანია დახმარება გაუწიოს ბავშვის უფლებათა ცენტრს 2014–2016 წლების სამუშაო სტრატეგიის შემუშავებაში. რეიდარ ჰერმანის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი სამოქმედო გეგმის დასახვისა და მისი განხორციელების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის.

ყოფილი ომბუდსმენი შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს მაია ქურციკიძესა და თეონა კუჭავას. ასევე, იგეგმება შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში საშა გრაუმანთან;

ექსპერტი გაეცნო ბავშვთა ღია და დახურული სამზრუნველო დაწესებულებების მუშაობას, მოინახულა თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი, იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეხვდა ბავშვის უფლებათა ცენტრის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

შეხვედრების შედეგად მიღებული მასალა, ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან, აგრეთვე სხვა რელევანტურ საერთაშორისო და ეროვნულ დოკუმენტებთან ერთად, საფუძვლად დაედება ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ სტრატეგიის რეალისტური მიზნების დასახვას და მათი ეფექტური განხორციელების წინაპირობა გახდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)