საჯარო კონსულტაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებზე
2017 წლის 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ჟენევაში, გაერთიანებული ერების ოფისში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთან ვიტიტ მუნტარბორნთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრისას განიხილეს დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მიეწოდებინათ რეკომენდაციები დამოუკიდებელი ექსპერტის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრამდე სახალხო დამცველმა დამოუკიდებელ ექსპერტს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, სადაც მიმოხილულია დისკრიმინაციის საკითხებზე სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითადი შედეგები, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ექპერტის პოზიცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2016 წელს შეიქმნა. ექსპერტი ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის ძირითადი აქტივობების, ტენდენციებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ. ამავდროულად, განახორციელებს ვიზიტებს ქვეყნებში, შეისწავლის ინდივიდუალურ შემთხვევებს და მოახდენს კოორდინაციას სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.