სიახლეები

კონფერენცია „უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“

2017 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კონფერენცია გამართა თემაზე – „უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“. კონფერენცია გაიმართა საინფორმაციო კამპანია „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 1 ივნისს დაიწყო.

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა კამპანიის მიმდინარეობა შეაჯამა, მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, სახელმწიფო პოლიტიკა, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის მნიშვნელობა. თავიანთ ხედვა და პრობლემის გადაჭრის გზები წარმოადგინეს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, ასევე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშოს“ წარმომადგენლებმა.

საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას 2017 წლის მარტში მიმართა რეკომენდაციით.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 2017 წ. ივნისსა და ივლისში თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებთან, თბილისის ბაგა ბაღების დირექტორებთან, თბილისის ბაგა–ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან და საცალო ქსელების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებთან ერთად კამპანიის მიზნებზეც ისაუბრეს. აღნიშნულ თემაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ოქტომბერში განხორციელდა საჯარო აქციაც, რომლის ფარგლებშიც დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები და გავრცელდა უსაფრთხო სათამაშოების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები.



იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე

კონფერენცია „უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“ 16.10.17 Conference Safe Toy: Practices and Challenges

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)