სიახლეები

რეკომენდაცია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით

2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვნების უფლების დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა ე.კ.–მ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სერვის ცენტრს „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში“ ჩართვის განცხადებით ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა, თუმცა სააგენტოს რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი უცნობებია.

საქმის შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა შეიტყო, რომ ოჯახი აყვანილია აღრიცხვაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 2 ივნისის ბრძანებით დამტკიცებულ მომლოდინეთა რეესტრში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების სიღარიბისგან და ცხოვრების არასათანადო დონისგან დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები უნდა იყოს დროული და ეფექტური. სახალხო დამცველი მოუწოდებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, უზრუნველყოს „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარების“ ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ თითოეულ ოჯახთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების ადეკვატურ დროში მიღება, რათა არ შემცირდეს პროგრამის ეფექტურობა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დროულად მიეწოდოთ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება. მათ შორის, დაუყოვნებლივ იყოს განხილული განმცხადებლის ოჯახის შესახებ დასკვნა არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და მათი ცხოვრების არასათანადო დონისგან/სიღარიბისგან დაცვის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)