სიახლეები

„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში არსებული დღის ცენტრების, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრებისა და ტრანზიტული ცენტრების მონიტორინგი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა განახორციელა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N291 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში არსებული დღის ცენტრების, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრებისა და ტრანზიტული ცენტრების მონიტორინგი.

2014 წლის განმავლობაში, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ ხორციელდებოდა თბილისსა და რუსთავში. თბილისში ფუნქციონირებს ორი დღის ცენტრი, ორი კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი და ერთი 24 საათიანი ტრანზიტული ცენტრი, ხოლო რუსთავში ერთი 24 საათიანი ტრანზიტული ცენტრი. გარდა ამისა, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მუშაობს სამი მობილური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს ვიზიტებს სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებზე. ბავშვის აღმოჩენისთანავე, ჯგუფი ქუჩაშივე ახორციელებს აქტივობას.

მონიტორინგი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მიხედვით ჩატარდა (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N66 დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი) და მის მიზანს წარმოადგენდა დღის ცენტრებში, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრებსა და ტრანზიტულ ცენტრებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

მონიტორინგის შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები აისახება საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)