კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, შპს „ალტ ინფოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, შპს „ალტ ინფოს“ ეთერში გასული გადაცემა შეისწავლა და დაადგინა, რომ პროგრამის ეთერში განთავსებით ძალიან მაღალი ზიანი მიადგა, როგორც არასრუწლოვან, ისე სრულწლოვან მაყურებელს. კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
სახალხო დამცველმა აღნიშნული საკითხის შესწავლა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად გადაწყვიტა, რადგან გადაცემაში ბავშვთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ნებისმიერი ფორმის ძალადობა განიხილებოდა, როგორც არასრულწლოვანთა აღზრდის სწორი და საჭირო ფორმა; ამასთან, პირდაპირ ახალისებდა ბავშვთა მიმართ ძალადობას და ძალის გამოყენებას მორალურ ვალდებულებად წარმოაჩენდა.
წამყვანები ისეთ ფრაზებს და მათ შორის უხამს გამონათქვამებს აჟღერებდნენ, რაც ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წახალისებას წარმოადგენდა, იყო დისკრიმინაციული, ისლამოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის. გადაცემაში დადებით კონტექსტში იყო განხილული გენდერული სტერეოტიპები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობის მანკიერი პრაქტიკა.
საგულისხმოა, რომ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოების მხრიდან დანაშაულის სიმძიმის სათანადოდ აღქმას, მოახდინოს ძალადობის ნორმალიზება და წაახალისოს მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება, რაც უარყოფითად აისახება დანაშაულის შესახებ შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვიანობის ხარისხზე, არსებითად უშლის ხელს, როგორც დანაშაულის გამოვლენას ასევე, მსხვერპლთა დაცვასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებას.