სიახლეები

ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის პანსიონის მონიტორინგი

2021 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ დაწესებულების ხელმძღვანელებსა და აღმზრდელებს, დაათვალიერეს და შეაფასეს პანსიონის ფიზიკური გარემო, შეისწავლეს დაწესებულების დოკუმენტაცია და გაესაუბრნენ აღსაზრდელებს.

აღსაზრდელთა საცხოვრებელი გარემოს ფიზიკური მოწესრიგებისა და საბაზო საჭიროებების უზრუნველყოფის მიუხედავად, მონიტორინგმა პანსიონში არაერთი გამოწვევა გამოკვეთა, მათ შორის, დაწესებულების და ბენეფიციართა დოკუმენტაციის წარმოების, აღსაზრდელების შესაბამისი ჩარიცხვის გარეშე ცხოვრების თუ ბავშვების სოციალიზაციის და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობის კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ პანსიონში არსებული სააღმზრდელო ფორმა მთლიანად ინსტიტუციური ხასიათისაა და არ ქმნის ოჯახურ გარემოს, რომელიც თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პანსიონში არსებული წესები, ჩაკეტილი გარემო, სკოლისა და სხვადასხვა ხელოვნების/საგანმანათლებლო წრის შენობის შიგნით მოწყობა ბავშვების გარესამყაროსგან მოწყვეტას იწვევს და მათ პანსიონისადმი არაჯანსაღ მიჯაჭვულობას უყალიბებს. ასევე, არასრულწლოვნები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების, ძალადობის ფორმების და მათგან დაცვის მექანიზმების შესახებ.

საგანგაშოა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკების ვიზიტების სიმცირე. სოციალურ მუშაკებს არ აქვთ ბავშვებთან ინდივიდუალური, ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, რაც არა მხოლოდ ბავშვზე ზრუნვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, არამედ არსებითად აფერხებს არასრულწლოვნების უფლებების დაცვას და ხელს უწყობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსადმი უნდობლობის ჩამოყალიბებას.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მონიტორინგის დასასრულს, დაწესებულების ხელმძღვანელებს მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემური საკითხები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

პანსიონში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დიდი ზომის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა ვერ უზრუნველყოფს და პირიქით, ეწინააღმდეგება კიდეც ბავშვის, მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, ოჯახურ გარემოში აღზრდის ვალდებულებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, - დროულად განახორციელონ ყველა ქმედითი ღონისძიება, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნების ოჯახურ გარემოში აღზრდა.

აუცილებელია ბავშვებისა და მათი ბიოლოგიური ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული სერვისების და მათ ფარგლებში არსებული რესურსების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაციას და მოახდენს არასრულწლოვანთა სახელწმიფო ზრუნვაში განთავსების პრევენციას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)