ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) პროექტი
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროექტში „Let’s talk young, let’s talk about violence“, რომლის ორგანიზატორია ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელი (ENOC).
2015 წლის 8–10 მარტს პროექტის კოორდინატორი და ცენტრის მთავარი სპეციალისტი თამთა ბაბუნაშვილი, ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა ტრენინგ–სემინარს ბრიუსელში, რომელიც ბელგიის ბავშვთა ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
პროექტი გულისხმობს ბავშვების მონაწილეობით 5 წუთიანი ვიდეოკლიპის გადაღებას ძალადობის თემაზე. კლიპი გაერთიანდება სხვა მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილ ვიდეოებთან და გაკეთდება საერთო დოკუმენტური ფილმი, რომელსაც საბოლოოდ, სექტემბერში ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების გაერთიანებულ შეხვედრაზე წარადგენენ და ევროკავშირის ქვეყნებში გაავრცელებენ.
სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრი შეარჩევს 10 არასრულწლოვანს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების პროცესში, ხოლო ერთ–ერთი მათგანი, კოორდინატორთან ერთად, ივნისის თვეში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მეორე საერთო შეხვედრას დაესწრება, სადაც საშუალება ექნება, წარადგინოს გუნდის მიერ განხორციელებული სამუშაოები.
ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლები, მონაწილე არასრულწლოვნებს ჩაუტარებენ ტრენინგებს ბავშვის მიმართ ძალადობის თემაზე და ზოგადად ბავშვის უფლებებზე. ასევე, დაიგეგმება მათი შეხვედრები აღნიშნულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებთან, ბავშვების მოსაზრებების გათვალისწინებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას პროექტის შედეგებისა და განხორციელებული სამუშაოების შესახებ.