დევნილთა დასახლებების მონიტორინგი
2013 წლის 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ბავშვის უფლებების ცენტრმა „ბავშვი და ომის ტრავმა - ინტერვენცია და ზრუნვა“ პროექტის ფარგლებში, დევნილთა დასახლებებში სახელმწიფო ზრუნვის სერვისების მუშაობა და ბავშვის უფლებების დაცვის ხარისხი შეისწავლა. პროექტი ევროპის საბჭოს დაფინანსებით ხორციელდება.
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან ერთად მონიტორინგზე ჩამოსული იყო ნორვეგიელი კონსულტანტი რეიდარ ჰერმანი.
* რეიდარ ჰერმანი 2004-2012 წლებში ნორვეგიის ბავშვთა ომბუდსმენი იყო. ამჟამად იგი ნორვეგიის სამოქალაქო დაცვის დირექტორატის კატასტროფის მართვისა და პრევენციის ცენტრის უფროსია.
ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა, კონსულტანტმა, რეიდარ ჰერმანმა და ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა თამარ აბაშიძემ დევნილთა დასახლებები მოინახულეს.
აღმოსავლეთ საქართველოში წინამძღვრიანთკარის, წეროვანის, წილკნისა და სკრის დევნილთა დასახლებები, დასავლეთ საქართველოში - ზუგდიდსა და ბათუმში ორ-ორი დასახლება და ერთიც მალთაყვაში. აღმოსავლეთ საქართველოს დევნილთა დასახლებებში ზოგადი სურათი დამაკმაყოფილებელია, თუმცა არსებობს მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ბავშვების ცხოვრების პირობებზე აისახება.
ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი სამზარეულოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სანიტარულ-ჰიგიენური პირობები კრიტიკას ვერ უძლებს, სახურავი ძველია. დევნილების თქმით, შენობაშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ამ ოჯახებში ბევრი მცირეწლოვანი ბავშვია და მათ ნაწილს სხვადასხვა დაავადებები აწუხებს. ერთ ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. 4 წლის ბიჭს ლეიკოზი აქვს და საჭიროებს მუდმივ კონტროლს თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში.
* * *
31 ივლისს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბავშვის უფლებების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „ბავშვი და ომის ტრავმა - ინტერვენცია და ზრუნვა“. შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის: გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children), ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), UNHCR და UNICEF. ასევე, ეროვნული არასამთავორობო ორგანიზაციები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საქართველოს ბავშვები“, ფონდი „ტასო“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებიც მიეწოდება დევნილ ბავშვებს სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში, რა სახის დახმარებას განახორციელებს არასამთავრობო სექტორი და რა ძირითადი პრობლემები იკვეთება დევნილი ბავშვების უფლებების დაცვის მიმართულებით.
1 და 2 აგვისტოს ბათუმსა და ზუგდიდში საქართველოს სახალხო დამცველის ადგილობრივ ოფისებში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები, ეროვნული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სადაც განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან დევნილ ბავშვებზე ზრუნვის საკითხები. ორივე შეხვედრაზე განხილული იქნა დევნილი ბავშვების უფლებების კერძოდ, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის, განათლების, გონებრივი და ფიზიკური განვითარების უფლებების სათანადო დაცვის პრობლემები.
თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის შეხვედრებზე სახალხო დამცველის აპარატი არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისი სამინისტროები და საერთაშორისო ორგანიზაციები კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
* * *
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი დევნილ ბავშვთა ტრავმატიზაციის ხარისხის კვლევის ჩატარებას გეგმავს.