ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის ყოველწლიური კონფერენცია
2015 წლის 20-22 სექტემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის (ENOC) გენერალური ასამბლეის სხდომა და ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, რომელიც ყველა ბავშვისათვის განათლების უფლების თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხს მიეძღვნა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის თანამშრომლებმა თამარ ჩხოლარიამ და თამთა ბაბუნაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის ორგანიზებული პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არასრულწლოვანთა მონაწილეობით მომზადდა ბავშვთა განათლების საკითხებზე. ფილმის გადაღების პროცესში სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრიც მონაწილეობდა.
კონფერენციაზე ექსპერტებმა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყოველწლიური დადგენილება, რომელიც მიმდინარე წელს განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლებას ეხება, გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილეს.
სამუშაო ჯგუფებში სხვადასხვა თემატური საკითხები განიხილეს და ქვეყნებს შორის გამოცდილება და არსებული პრაქტიკა გაუზიარეს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა საქართველოში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა განიხილეს; ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფო მზრუნველობის სისტემის მიღწევებსა თუ ხარვეზებზე და ასევე, წარმოადგინეს ინფორმაცია აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგების, მიღებული შედეგებისა და პასუხისმგებელი უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესახებ.