სიახლეები

ბავშვის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში

2016 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებათა თავი წარმოადგინა.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და ბავშვის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში, მიმოიხილეს 2015 წელს ბავშვთა ინსტიტუციებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და ბავშვის უფლებათა დარღვევების ცალკეული შემთხვევების სტატისტიკა, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რეკომენდაციები, რომლითაც სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მიმართა. ისაუბრეს ბავშვის მიმართ ძალადობის, ბავშვთა სიღარიბის, სოციალური სამსახურის, ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის, ბავშვის განათლების უფლებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

აღინიშნა, რომ კვლავ დღის წესრიგშია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხი; კანონმდებლობაში არ ასახულა ცვლილებები, ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის მიზნით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაზრდასთან დაკავშირებით; სუსტია კოორდინაცია ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების პროცედურების შესახებ ბრძანების განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის; გადაუჭრელია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის საკითხი.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან ერთად, მონიტორინგი განხორციელა აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ 10 მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სადაც კვლავ პრობლემად რჩება აღმზრდელების სისტემური გადამზადების, ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ბავშვის მიმართ ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები, ასევე, მათი ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურება.

მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას არ ხდება ბავშვის აზრის გათვალისწინება; დასახვეწია არასრულწლოვანთა საზღვარზე გადაყვანის შესახებ არსებული კანონმდებლობა; ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებადი დამხმარე ქვეპროგრამების ნაწილი სრულფასოვნად ვერ ფარავს არასრულწლოვნების საჭიროებებს; სოციალური სამსახური დღემდე არ არის აღჭურვილი საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებით; მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობასა და ამ მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, სადაც ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით, სპეციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებდა.

ანგარიშში განხილულია მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების წინაშე არსებული გამოწვევები; ინკლუზიური განათლების პროგრამის სრულფასოვანი დანერგვის, პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონების მონიტორინგის შედეგები.

სავალალოა მედია საშუალებებში არასრულწლოვანთა თემების გაშუქების ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები.

სახალხო დამცველის ვიზიტები რეგიონებში გვიჩვენებს, რომ ბავშვთა მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოს ზრუნვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. საყურადღებოა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ხარვეზები; ბავშვის სკოლამდელი განათლების უფლების დარღვევის არაერთი შემთხვევა, ასევე, „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამაში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები.

პრეზენტაციის დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

1.06.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)