ბავშვების ვიზიტი „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროში
2015 წლის 24 ივნისს, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის „Let’s Talk Young, Let’s Talk Against Violence” მონაწილე არასრულწლოვანთა ჯგუფი რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ეწვია.
ბავშვები შეხვედნენ “რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინე ვაშაყმაძეს და რადიოში მომუშავე პროფესიონალებს.
ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ზოგად ინფორმაციას ჟურნალისტური საქმიანობისა და “რადიო თავისუფლების“ მუშაობის შესახებ, დაესვათ კითხვები და გამოეხატათ საკუთარი აზრი მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.
აღნიშნული პროექტი ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) ინიციატივაა და მიმდინარეობს 2015 წლის მარტიდან. მის ფარგლებში, შერჩეული იქნა პროექტის მონაწილე 15 არასრულწლოვანი. ახალგაზრდებმა, რეჟისორთან და სცენარისტთან ერთად, იმუშავეს ბავშვის მიმართ ძალადობის თემაზე: შეთანხმდნენ იდეაზე, მოამზადეს სცენარი და გადაიღეს 5 წუთიანი ვიდეო რგოლი, რომელიც შეუერთდება პროექტში მონაწილე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლებს და შეიქმნება საერთო ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები ძალადობის პრობლემას და მისი დაძლევის გზებს.
ივნისის ბოლოს, პროექტში მონაწილე ერთ–ერთი არასრულწლოვანი, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენელთან ერთად, მიემგზავრება ათენში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც, ასევე, ორგანიზებულია ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) მიერ. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ევროპის 12 ქვეყნიდან.
სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება ბავშვების მონაწილეობით დაგეგმილ ისეთ აქტივობებს, როდესაც მათ საშუალება აქვთ, გამოთქვან საკუთარი აზრი მათთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეხვდნენ საინტერესო თემებზე მომუშავე პროფესიონალებს და სრულყოფილად მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ბავშვების აზრით, შეხვედრამ „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროში ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ბიუროს თანამშრომლებს.