სიახლეები

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა პარლამენტს და მთავრობას მიმართა

2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმაწინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ცვლილებები სახალხო დამცველის აპარატმა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის, კვლევებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადა.

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით, უკვე მიიღო და მასში არ მომხდარა სახალხო დამცველის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების ასახვა.

სახალხო დამცველის მიერ 2014 წელს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა მთელი რიგი სისტემური ხარვეზები. პრობლემები შეეხებოდა ადრეული და სკოლამდელი განათლების პედაგოგთა გადამზადების სისტემის სათანადოდ განვითარების, ნორმატიულ დონეზე სავალდებულო პედაგოგიური მეთოდოლოგიისა და სკოლამდელი განათლების სფეროში ერთიანი სტანდარტების გაწერის, ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლამდელი აღზრდის პერსონალის სისტემური გადამზადების განხორციელების, გარდა ამისა, სააღმზრდელო ჯგუფების დაკომპლექტებისა და ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული სასწავლო–ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნის გადაუდებელ საჭიროებებს. მონიტორინგის შედეგად ასევე დაფიქსირდა, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის 70 პროცენტი ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას მიმართავს, ხოლო 40 პროცენტისთვის ბავშვის ფიზიკური დასჯა და სხეულებრივი სასჯელები მისაღებია.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აზრით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტი უაღრესად მნიშვნელოვანი და ინოვაციური დოკუმენტია. ის განსაზღვრავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში. თუმცა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული კანონი ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების სრულფასოვან დაცვას ქვემოთ მოცემული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოსაზრებების კანონში ასახვის გარეშე:

სკოლამდელიგანათლების/აღზრდისპედაგოგთამომზადებისადაგადამზადებისეროვნულისისტემა წარმოდგენილი კანონპროექტი არ განსაზღვრავს პასუხისმგებელ უწყებებს პედაგოგების მომზადებასა და პროფესიულ გადამზადებაზე. ეროვნულ დონეზე განხორციელებული კვლევების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების დანერგვა არადამაკმაყოფილებლად ხორციელდება. აღნიშნული უფლების ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის საჭიროა ადრეულ ასაკში სწავლების სისტემაში ბავშვების ჩართულობის გაფართოება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება საგანმანათლებლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების გზით[1]. აღნიშნულის ერთ–ერთ მექანიზმს აღმზრდელ–პედაგოგთა მომზადებისა და გადამზადების ეროვნული სისტემის შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს. კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მუხლი 8) ან საქართველოს მთავრობა (მუხლი 9) შეიმუშავებს და დაამტკიცებს აღმზრდელ–პედაგოგების მომზადებისა და გადამზადების ერთიან სისტემას, რომლის აღსრულება დაევალება როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას.

სტანდარტებისმონიტორინგისსისტემა – კანონპროექტი რიგ სამინისტროებს ავალდებულებს ეროვნული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას და წარდგინებას მთავრობისათვის დასამტკიცებლად, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროებს არ ავალდებულებს თავიანთი სფეროს სტანდარტების მონიტორინგს.

იმ ფონზე, როდესაც ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებებში სანიტარულ–ჰიგიენური და კვების ორგანიზაციული წესების დაცვის დარღვევის შემთხვევები საკმაოდ პრობლემური საკითხი[2] და მომეტებული საჯარო ინტერესის მატარებელია, აღნიშნული წესების დაცვის მიზნობრივი კონტროლის სპეციალური დებულება წარმოდგენილ კანონპროექტში არ გვხდება.

კანონპროექტის მე–7 მუხლის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს ადრეული და სკოლამდელი განათლების და აღმზრდელ პედაგოგების პროფესიულ სტანდარტს. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული სტანდარტის იმპლემენტაციის სისტემური მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს წარმოდგენილი სამინისტროს მიერ.

ზემოთაღნიშნული წესი ეხება ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიმუშაოს შენობა–ნაგებობების, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის ტექნიკურ რეგლამენტი. აღნიშნულ ნაწილშიც, მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური რეგლამენტის დანერგვის ხარისხის შესრულების მონიტორინგი განხორციელდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კანონპროექტისძალაშიშესვლადაამოქმედება მესამე პრინციპული საკითხი, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით უნდა დარეგულირდეს, არის კანონის ამოქმედების ვადა.

კანონპროექტის 27–ე მუხლის მიხედვით, კანონის ამოქმედების თარიღად (გარდა გამონაკლისი დებულებებისა) აღნიშნულია 2017 წლის სექტემბერი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმებს კანონპროექტის ამოქმედებამდე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დასარეგულირებლად. ამასთან, კანონპროექტით რეგულირებად სფეროზე არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური დახმარებით, კანონის ასამოქმედებლად შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის დოკუმენტების შემუშავების დასრულება იგეგმება 2016 წლის სექტემბრის თვეში, რაც გვაძლევს იმის გონივრული მოლოდინის საშუალებას, რომ კანონის ამოქმედება შესაძლებელია მოხდეს მიმდინარე წლიდან. კონკრეტულად, სახალხო დამცველის შეფასებით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს 2016 წლის სექტემბერი, ნაცვლად 2017 წლის სექტემბრისა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს, აგრეთვე, წარმოდგენილი კანონპროექტის 22–ე მუხლით გათვალისწინებული, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების მოცულობა და აღმზრდელ–პედაგოგების პროპორციული თანაფარდობა ბავშვთა რაოდენობასთან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გაითვალისწინოს ზემოთ მოცემული რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირების ერთიანი უნიფიცირებული სისტემის დანერგვასა და ადრეული ასაკიდანვე ხელს შეუწყობს ბავშვთა განათლებისა და ღირსეული განვითარების უფლების შეუფერხებელ რეალიზაციას.



[1] გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ,,საქართველოში ადრეულ ასაკში სწავლის სისტემის ღირებულების გაანგარიშების და დაფინანსების ყოვლისმომცველი სტრატეგია’’, 2012.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)