კონფერენცია: ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ
2010 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს პროექტის “სახალხო დამცველის დახმარება” მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: “ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ”.
კონფერენციის მიზანი იყო გაიზარდოს ბავშვთა ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებას და განათლებას ეხება. მოხდეს სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება ბავშვთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
კონფერენციის საშუალებით მოზარდებმა საზოგადოებას გააცნეს საკუთარ შეხედულებები საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა თბილისის, რუსთავის, მარნეულის, თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის საჯარო სკოლებიდან. მოსწავლეებმა ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: მანდატურების ინსტიტუტი, მზურველობამოკლებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები, ეთნიკური უმცირესობები, ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობა და დისკრიმინაცია, ბავშვთა დაცვა მავნე ზეგავლენისგან და შეირაღებული კონფლიქტების ზეგავლენა ბავშვის ცხოვრებაზე.
კონფერენცია სათავეს დაუდებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც ქმედითად ჩაერთვება სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მუშაობაში. ამავე დროს, საბჭოში გაერთიანებულ მოზარდებს საკუთარ სკოლებში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა მიეცემათ.
ბავშვებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და წიგნები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, პარლამენტის ვიცე სპიკერები რუსუდან კერვალიშვილი და გიგი წერეთელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები დირექტორები და მშობლები.