ანგარიშები

საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაცია და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები

საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას და პრიორიტეტს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი წარმოადგენს.

2014 წლის იანვარში სახალხო დამცველთან შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო - ოსური ფორუმი, რომელიც აერთიანებს საქართველოში მცხოვრები ოსი თემის წარმომადგენლებს, მათ შორის დედაქალაქში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეგიონებში მოღვაწე აქტივისტებსა და კულტურის, ხელოვნებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს. ოსური ფორუმის მიზანია აღმოფხვრას კონფლიქტებისა და დაძაბული მდგომარეობის უარყოფითი შედეგები ჩვენს ქვეყანაში; დაიცვას საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული მოქალაქეების უფლებები და ინტერესები; დაიცვას საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების ადამიანთა უფლებები, მათ შორის მათი ეთნიკური იდენტობა და კულტურული უფლებები.

ამ მიზნით, 2014 წლის ნოემბერში, სახალხო დამცველთან არსებული ოსური ფორუმის დახმარებით, სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა კვლევა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის მიგრაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კვლევის მიზანია 1989–1992 წლებში შეირაღებული კონფლიქტისა და ეთნიკური დაძაბულობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევაში ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს კონფლიქტების შედეგად დარღვეული უფლებების და სამართლიანობის აღდგენა, რაც სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარეობს. ეს აგრეთვე გულისხმობს წარსულში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიებასა და უფლებრივი მდგომარეობის აღდგენაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალდა როგორც ეთნიკურად ოსი, ისე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, აღნიშული კვლევის სამიზნე ჯგუფი არის 1990-იან წლებში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ის ოსი მოსახლეობა, რომელიც 1990-იანი წლების პოლიტიკურმა და ეთნიკურმა დაძაბულობამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

საქართველოში, ოსებით დასახლებულ სოფლებში, მიგრაციის არასახარბიელო ვითარებას ემატება ის სამართლებრივი და პრაქტიკული ბარიერები, რომლებიც მათ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ექმნებათ. კერძოდ კი, 90–იანი წლებიდან დღემდე განვითარებული მოვლენების შედეგად, მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში მცხოვრები ოსების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, რაც, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, იწვევს მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ შეწყვეტას. შესაბამისად, არსებული ვითარება აიძულებთ მათ გააკეთონ არჩევანი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობას შორის.

იხილეთ ანგარიში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე:

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)