კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში
სპეციალური ანგარიში ასახულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში 2015 წლის მონაცემებით.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს.
2015 წლის საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აკვირდებოდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს, როგორც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თემებში; გაიმართა არაერთი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლის საფუძველზეც მომზადდა წინამდებარე ანგარიში.
არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა კი კონფლიქტებისა და ძალადობის პრევენციის საუკეთესო მექანიზმია, რადგან უფლებების უგულებელყოფა ზრდის რადიკალურ განწყობებს, რაც დაძაბულობის ესკალაციისა და დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს.
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების არსებობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური მოქნილობა უნდა გამოიჩინოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად.
სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურადაა ჩართული ნდობის აღდგენის პროცესში და იმ საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ქართული, აფხაზური და ოსური უფლებადაცვითი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.