სიახლეები

სახალხო დამცველმა ხურჩაში მოკლული მოქალაქის ოჯახს მიუსამძიმრა

2016 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე აფხაზი ე.წ. მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ეწვია და მათი მწუხარება გაიზიარა.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის ხელყოფისათვის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ფედერაციას უნდა დაეკისროს, როგორც რეალური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებები არ არის სათანადოდ დაცული, განსაკუთრებით კი სოფელ ხურჩაში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები რუსი და აფხაზი სამხედროების პირისპირ, მარტო არიან დარჩენილი.

გასულ კვირას სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქართულ და აფხაზურ მხარეებს, სწრაფად და ეფექტურად მოხდეს აღნიშნული მკვლელობის გამოძიება და ეს ინციდენტი საფუძვლად დაედოს უახლოეს მომავალში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებული შეხვედრის ჩატარებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)