სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრები სამეგრელოში
2017 წლის 17 ივლისს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში შედგა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. პრეზენტაციას ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
იმავე დღეს ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებითა და მოწვევით სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩევლები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში, მედეა ტურაშვილი, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მერი კოჭლამაზაშვილი, ასევე სამართლებრივი ექსპერტი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ქეთი ახობაძე, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე იმსჯელეს. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უკეთ გაცნობოდნენ ადგილზე არსებულ პრობლემებს, შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ გამყოფი ხაზის სოფელ განმუხურს და სათემო აქტივისტებთან გასაუბრების შედეგად გაეცნენ ადამიანის უფლებათა კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას. სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამყოფი ხაზის სოფლებში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესწავლას, რაც რეგულარულად აისახება სახალხო დამცველის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.
ვიზიტის დასასრულს, 18 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე „კონფლიქტები და ადამიანის უფლებები“, სადაც სახალხო დამცველის აპარატის მთავარმა მრჩეველმა მედეა ტურაშვილმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე კონფლიქტების პრევენციაში და მიმოიხილა სახალხო დამცველის საქმიანობაზე ამ მიმართულებით.