სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

9 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშების პრეზენტაცია და დისკუსია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ უფლებრივ მდგომარეობას ეხებოდა.

შეხვედრაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველმა, მედეა ტურაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომლებზეც სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ ანგარიშშიც იქნა ყურადღება გამახვილებული. საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 93-ე სესიაზე რუსეთის ფედერაციის მოსმენისათვის ალტერნატიული ანგარიში წარადგინა მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე, თბილისი თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, თამარ თომაშვილმა და მიმოიხილა გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანოებში რუსეთის ფედერაციის განხილვისას ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხებზე ალტერნატიული ანგარიშების წარდგენის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობის საერთაშორისო სამართლებრივი საკითხები. ხოლო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, გიორგი ტაბატაძემ ისაუბრა ორგანიზაციის გამოცდილებაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მან ასევე მიმოიხილა მიმდინარე საქმეები, რომლებზეც ორგანიზაცია საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დარღვეული უფლების აღდგენას.

ფოტო: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)