სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება რომან შიტიკოვთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის მონიტორინგისას სოფელ საკორინთლოს მაცხოვრებელ გ.ა-სგან შეიტყვეს, რომ იგი ცხინვალის იზოლატორში რომან შიტიკოვთან ერთად იყო დაკავებული. მისი ინფორმაციით, რომან შიტიკოვი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაფილაში დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა და 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო დახვრეტით ემუქრებოდნენ. თუმცა, შიტიკოვი მასთან საუბარში ამბობდა, რომ ავადმყოფობის გამო ომში მონაწილეობა არ მიუღია და სთხოვა გ.ა-ს საჯაროდ განეცხადებინა მისი მდგომარეობის შესახებ.

რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელის შესახებ საუბარი იყო 2014 წლის 28 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზეც, თუმცა, ოსური მხარე უარყოფს შიტიკოვის დაკავებას. საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 აპრილს, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა დაკავება დაადასტურეს, მაგრამ 23 აპრილსუარყვეს.

რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელი დღეისათვის უცნობია.შესაძლოა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერად მოახდინონ რეაგირება შიტიკოვის საკითხზე და უზრუნველყონ მისი დროული გათავისუფლება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)