სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით

დღეს კავკასიაში რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 1864 წლის 21 მაისს კრასნაია პოლიანაზე დამარცხდნენ კავკასიის ხალხები, მათ შორის ადიღეელები, უბიხები და აფხაზები. ომებისა და მუჰაჯირობის შედეგად ფაქტობრივად გაქრა ამ ხალხების კვალი მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, დაიკარგა მათი მატერიალური კულტურა და ენა. 1864-1877 წლებში კი 80000-მდე აფხაზი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სამშობლო. მუჰაჯირობამ გაამწვავა აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც აფხაზებისათვის დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მუჰაჯირობა შეეხოთ დაახლოებით 150000 ქართველ მუსლიმსაც, ძირითადად დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

სახალხო დამცველი პატივს მიაგებს კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნას. საჭიროა სათანადოდ გაანალიზებულ იქნას ეს მოვლენები და მათი შედეგები, ისევე, როგორც მათი გავლენა დღევანდელ კონფლიქტებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედებები მომავალში. ამ მოვლენის სათანადო შეფასება ხელისუფლებებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ ხალხთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას და ამ ხალხთა უფლებების აღდგენას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)