სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა და ის 2011 წლიდან აღინიშნება. იძულებითი გაუჩინარება ხშირად მიზანმიმართულად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯისათვის. სწორედ ამ პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, 2006 წელს ხელი მოეწერა გაეროს კონვენციას „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა.

ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში დღემდე დაახლოებით 2000-მდე პირია გაუჩინარებული. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკური ქართველი, 200-მდე ეთნიკური აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.

სახალხო დამცველი უსამძიმრებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს და პატივს მიაგებს ამ პირთა ხსოვნას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობას, რის შედეგადაც 2013-2015 წლებში გაიხსნა აფხაზეთში არსებული რამდენიმე სამარხი, მოხდა პირთა იდენტიფიცირება და ცხედრების გადმოსვენება. მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ თანამშრომლობა გაუჩინარებულ პირთა მოძიებისა და ოჯახების დახმარების მიზნით.

მნიშვნელოვანია ასევე დროულად იქნას გამოძიებულ 2008 წლის ომის დროს გაუჩინარებულ პირთა საქმეებიც, რომლის თაობაზეც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წელს პირველად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე. ეს რეკომენდაცია 2014 და 2015 წლებში დადგენილებით გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც. მიუხედავად ამისა, კონვენციის რატიფიცირების პროცესი დღემდე არ დაწყებულა. მიმაჩნია, რომ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება იქნება საქართველოს მხრიდან ამ დანაშაულთან საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)