სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი პატივს მიაგებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას, უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, არსებითად ითანამშრომლონ გაუჩინარებულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით.

საერთაშორისო სისხლის სასამართლოს რომის სტატუტისა და გაეროს „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის თანახმად, იძულებითი გაუჩინარება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება. თანამედროვე მსოფლიოში იძულებით გაუჩინარებას ხშირად მიზანმიმართული ხასიათი აქვს და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯას ისახავს მიზნად.

საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა მტკივნეულად დგას და ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად 1500-მდე ეთნიკურად ქართველი, 200-მდე ეთნიკურად აფხაზი და 100-მდე ეთნიკურად ოსი მოქალაქე, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ, 6 ოსი და 35 ქართველი ითვლება უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულად.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხშირად მიმართავენ მოქალაქეები, რომლებიც ითხოვენ მათი უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების ადგილსამყოფელის დადგენას და გაუჩინარების ფაქტების გამოძიებას. გაურკვევლობა ახლობლების ბედის შესახებ გაუჩინარებულთა ოჯახის წევრთათვის ყოველდღიური სასტიკი რეალობაა - მათ არ იციან, ცოცხლები არიან თუ არა მათთვის ძვირფასი ადამიანები და ვერ ივიწყებენ იმ საშინელ მოვლენებს, რამაც მათი ცხოვრება შეცვალა. მართალია, ცალკეულ საქმეებზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება, მაგრამ, ამ დრომდე საქმეთა უმრავლესობაზე შედეგი არ დამდგარა.

2013 წლის 20 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, აწარმოოს ეფექტიანი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე, ხოლო იმ ფაქტებზე, რომლებზეც გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება. ერთი მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს იურისდიქციაში მსგავს ქმედებათა პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელშეკრულების რატიფიცირება იქნება ნათელი დასტური იმისა, რომ სახელმწიფო ეფექტურად ებრძვის ამ საერთაშორისო დანაშაულს.

მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის 2013 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაციები საქართველოს მთავარი პროკურატურისადმი, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა საქმეები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეები. ასევე, პარლამენტმა რეკომენდაციით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გაეროს „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ 2006 წლის 20 დეკემბრის კონვენციის რატიფიცირების პროცესი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)