სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ცხინვალის ციხიდან მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

2017 წლის 26 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია ცხინვალის ციხიდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გიუნაშვილის გათავისუფლება უდავოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ კვლავ გრძელდება უკანონო დაკავებები, როგორც აფხაზეთის ისე ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე, ხოლო აფხაზეთში, გრძელვადიან პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე - გ.ლ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და ჩართულ მხარეს შეინარჩუნონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ნებისმიერი მოლაპარაკებისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, მოუწოდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის ზიანის მიყენების შესამცირებლად და შეწყვიტონ მოქალაქეთა დაკავებები გამყოფ ხაზებზე.

გიორგი გიუნაშვილი რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა 2016 8 ივნისს, ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო სამართალდამცავებმა „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“ მონაწილეობის გამო ბრალი დაუმძიმეს და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)