სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ შვიდი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები როგორცქართველი, ისე ოსი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. ეს გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფაში, საარსებო საშუალებების მოსპობასა და გამყოფ ხაზზე გახშირებულ უკანონო დაკავებებში. 2008 წლიდან დღემდე,ათასობით ადამიანი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ასეულობით ოჯახს შეეზღუდა საკუთარი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა, მავთულხლართების გავლების გამო გაწყდა ოჯახური და ნათესაური კავშირები.

დღემდე გამოუძიებელია შეიარაღებული მოქმედებების შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. შესაბამისად არ მომხდარა დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. კონკრეტულად, ეს ეხება იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცულ პირთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობას, ქონების განადგურებას და ა.შ. რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის დასკვნით, შესაძლოა წარმოადგენდეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.

კვლავ მოუგვარებელია თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში 2008 წლის ომამდე და ასევე, ომის შემდეგ დაკავებულ პატიმართა გათავისუფლების საკითხი, რის თაობაზეც სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მიმაჩნია, რომ პატიმრების განთავისუფლების აქტი, ხელს შეუწყობს ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც მხოლოდ სარგებელს მოუტანს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. პატიმრების საკითხის გადაჭრის პარალელურად, მხარეები უნდა შეთანხმდნენ ისეთ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს გამყოფ ხაზზე დაკავებების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას. დაკავებების უწყვეტი სერია ზრდის რადიკალურ განწყობას მოსახლეობაში, რაც დაძაბულობის ესკალაციისა და დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა კი კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო მექანიზმია, თუმცა, სამწუხაროა რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში ვერ ახერხებენ შეღწევას, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური მოქნილობა უნდა გამოიჩინოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა, გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღსადგენად.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურადაა ჩართული ნდობის აღდგენისა და საგანმანათლებლო პროექტებში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული, აფხაზური და ოსური უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელები. ასევე მივესალმებით სხვადასხვა ფორმატებს, რომლებიც კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების აღდგენისკენაა მიმართული.

საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დაწყებიდან თითქმის 25 წელი გავიდა. დადგა დრო მხარეებმა, მათ შორის პოლიტიკურმა წრეებმა და საზოგადოებებმა, შინაარსობრივი დისკუსია დაიწყონ ურთიერთობების ნორმალიზებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის ყველა მხარეს მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, მათი ღირსებისა და უფლებების დაცვას, დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების ტრანსფორმაციასა და ომის შედეგად მიყენებული ჭრილობების მოშუშებას. ამისთვის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მეტი კოორდინაცია და ჩამოყალიბებული სტრატეგიაა საჭირო. საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი სიკეთეები, მათ შორის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება და აშ. თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მათი უფლებების რეალიზაციასა და კონფლიქტებით დაზარალებული საზოგადოებების განვითარებისა და დეიზოლაციისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)