სახალხო დამცველი გაეროს „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების რეკომენდაციით გამოდის
საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მიმართავს რეკომენდაციით, დაიწყოს გაეროს 2006 წლის 20 დეკემბრის „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების პროცესი.
საპარლამენტო ანგარიშში განხილულია უგზო–უკვლოდ გაუჩინარების არაერთი შემთხვევა, რომელთა თაობაზე გამოძიება დღემდე გრძელდება შესაბამის უწყებებში. საქართველოს საგამოძიებო ორგანოები იძიებენ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების და მის შემდგომ პერიოდში ეთნიკურად ოსი პირების უგზო-უკვლოდ გაუჩინარების ფაქტებს. დღემდე არცერთ ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, გაუჩინარებულ პირთა საქმეებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ ხარვეზებზე ჯერ კიდევ 2010 წელს ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში იყო საუბარი.
საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასევე განხილულია 2013 წლის 19 აპრილს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მაგამედ მაგამედოვის შემთხვევა. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, მაგამედ მაგამედოვი შესაძლოა რუსეთის ფედერაციაში იყოს დაკავებული, რაც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს მის გაუჩინარებასა და მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციაში პატიმრობასთან დაკავშირებით. ოჯახის წევრების განმარტებით, მაგამედ მაგამედოვი საქართველოში ლტოლვილის სტატუსს რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის გამო ითხოვდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას უკანონო თავისუფლების აღკვეთისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როდესაც არსებობს prima facie საქმე, რომ ესა თუ ის პირი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელში გაუჩინარდა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაშიც კი, მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს; სახელმწიფო ვალდებულია წარმოადგინოს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ მის მიერ არ მომხდარა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა. ასევე, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ევალება სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმოება (Togcu v Turkey, application. no. 27601/95, 31 May 2005, para. 95; Malika Alikhadzhiyeva v Russia, application no. 37193/08, 24 May 2011, para. 91.).
მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით, ჯერ კიდევ 2013 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს გაეროს 2006 წლის 20 დეკემბრის „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების პროცესის დაწყების რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი მიმართვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა.