სიახლეები

სახალხო დამცველი აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 13-16 დეკემბერს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქარულ-აფხაზურ შეხვედრაში. შეხვედრას, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის განხილვა, ასევე ესწრებოდნენ ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თემები მოიცავდა განათლების უფლებას და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გადაადგილების თავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის უფლებას, ქალთა და ბავშვთა უფლებებს და ასევე, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ღონისძიებების გატარება ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.

სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი დიალოგის ეს ფორმატი 2014 წლიდან მიმდინარეობს და შეხვედრების რეგულარულ ციკლს მოიცავს. იგი ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორატის ნდობის აღდგენის ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)