სიახლეები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის წინადადება არ გაითვალისწინა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არ შეასრულა სახალხო დამცველის წინადადება პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც, ოკუპაციის პირობებში, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ ვითარებაში უწევთ ცხოვრება.

სახალხო დამცველი თვლის, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში უნდა იყვნენ ჩართულები პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები, რადგან, როგორც ეს წინადადებაში იყო აღნიშნული, პირადობის ნეიტრალური მოწმობის შესახებ სამოქმედო გეგმაში ნათქვამია: „აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის მოითხოვოს ყველა ის სოციალური შეღავათი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის არის განსაზღვრული.“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პასუხის მიხედვით, პროგრამის განხორციელების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მედიკამენტების უსაფრთხოება და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ მედიკამენტების ქვეყნიდან გადინების და უკანონო რეალიზაციის რისკები. სახალხო დამცველი აცნობიერებს, რომ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა ძვირადღირებულია და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა, მინისტრის პასუხიდან არ ირკვევა, რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირისთვის სამკურნალო მედიკამენტების გადაცემა (განსხვავებით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მქონე პირისაგან) და რატომ არ არის საკმარისი უკვე არსებული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, პირველი აბის ვიდეოკამერის წინ მიღება, ორკვირაში ერთხელ ვიზიტი კლინიკაში და დარჩენილი მედიკამენტების ვიდეოკამერის წინ გადათვლა და ყოველი თვის ბოლოს წინა თვის წამლის ცარიელი ყუთის ჩაბარება.

სახალხო დამცველის წინადადებით, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისათვის C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა და მკურნალობის კურსის გავლა უნდა განეხორციელებინათ იმავე წესით, როგორც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მქონე პირებისათვის, რაც, ვფიქრობთ, არ აჩენს დამატებით საფრთხეებს პროგრამის მიზნებისათვის. აღნიშნული მიდგომა კი ხელს შეუწყობდა განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით, პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი გაცემული იყო მხოლოდ 278 პირზე.

სახალხო დამცველი კვლავ მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების პროცედურა შედარებით უფრო რთული და ხანგრძლივია, ვიდრე პირადობის ნეიტრალური მოწმობის აღებისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის საფუძველზე მათთვის C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მათ შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჯანმრთელობისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პროგრამას ხელმისაწვდომს გახდის ერთ-ერთი ყველა მოწყვლადი კატეგორიის პირებისათვის ქვეყანაში.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)