საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის 2015 წლის 14 დეკემბერის რეკომენდაცია, გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები მოქალაქის კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.
ტ.თ. შიდა ქართლის გამყოფი ხაზის პირა სოფელ ზარდიაანთკარის მაცხოვრებელია და მისი სახლი 2008 წლის ომის დროს საგრძნობლად დაზიანდა. 2012 წელს სოფელზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის აღდგენის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის სახლთან პოლიციის საგუშაგო განათავსა, ხოლო სახლი კი საგუშაგოს პირადი შემადგენლობისათვის იქირავა. 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქესთან ხელშეკრულება აღარ განაახლა. ტ.თ.-ს სახლი 2015 წელს უფრო მძიმე მდგომარეობაში დახვდა და იგი საცხოვრებლად უვარგისია. სახლის მდგომარეობის, ასევე პოლიციის საგუშაგოსთან სიახლოვის გამო, ტ.თ. და მისი მეუღლე სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მოქალაქის სათანადო საცხოვრებლის უფლება და თვლის, რომ ტ.თ.-ს დარღვეული უფლების აღსადგენად უნდა მოხდეს მისთვის ალტერნატიული საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი ანაზღაურებით უზრუნველყოფა, მანამ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგო განთავსებულია განმცხადებლის სახლის მომიჯნავედ.
სათანადო საცხოვრებლის უფლება აღიარებული და გარანტირებულია სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებას.
აღსანიშნავია, რომ უფლება სათანადო საცხოვრებელზე ეთანხმება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპს, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო პირების სამხედრო ობიექტებისაგან განცალკევებას, რადგან ასეთ ადგილას ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. მეორე მხრივ, სახელმწიფომ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები უნდა შესთავაზოს ასეთ პირს და არ უნდა დატოვოს ის სათანადო საცხოვრებლის გარეშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად, ისინი არ მიიჩნევენ პოლიციის საგუშაგოს სამხედრო ობიექტად, რადგან ის „ოკუპირებული ტერიტორიის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ამოცანებს ასრულებს“. პასუხში ასევე აღნიშნული იყო, რომ „საცხოვრებელი სახლის დაზიანება/ამორტიზაცია მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად“.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ტ.თ.-ს სახლის მომიჯნავედ მდებარე პოლიციის საგუშაგო და ტ.თ.-ს სახლის კედელი გამიჯნული არ არის ერთმანეთისაგან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სახლი საგუშაგოს ინფრასტრუქტურის ნაწილია. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს დამატებით ქმნის დაბრკოლებას მოქალაქის ოჯახისთვის სახლში დასაბრუნებლად.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქე ტ.თ.-ს სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვას.