სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ოსური ფორუმის წევრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს - ოსური ფორუმის წევრებს შეხვდა და საქართველოში მცხოვრები ოსური თემის უფლებრივი მდგომარეობა განიხილა. საუბარი ძირითადად შეეხო ოსური ენის სწავლების, ოსური კულტურის საკითხებს, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ე.წ. „გამყოფ ხაზთან“ დაკავებებს და პატიმრების მდგომარეობას და რესტიტუციის საკითხებს. გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად შეიმუშავებენ კონკრეტულ ანგარიშებს და რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება პარლამენტს და მთავრობას. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისში, შიდა ქართლში და კახეთში მოქმედი ოსური არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები და ადგილობრივი აქტივისტები.

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ოსური ფორუმი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია, რომელიც კონსულტირებას უწევს სახალხო დამცველს ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით. ოსური ფორუმის შექმნა მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად არსებული ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას; ქართულ-ოსური კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას; სიძულვილისა და ნეგატიური დამოკიდებულებების აღმოფხვრის ხელშეწყობას; საქართველოში მცხოვრებ ოსი ეროვნების პირთა უფლებების დაცვას; ოსური კულტურის დაცვის, პოპულარიზების და განვითარების ხელშეწყობას; საქართველოში ოსური ენის, ლიტერატურისა და პოეზიის სწავლასა და პოპულარიზებას; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

იხილეთ ფოტო გალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)