სამუშაო შეხვედრა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების შესახებ
2015 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ომბუდსმენის აპარატის 2014 წელს გაწეული საქმიანობის ამსახველი ბიულეტენი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 2014 წლის იანვარში სახალხო დამცველთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს - ოსური ფორუმის შესახებ; ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური, კულტურული და განათლების უფლებების დაცვის თაობაზე.
სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა 2014 წელს 100-მდე მონიტორინგი განახორციელეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის კონფლიქტებით დაზარალებულ სოფლებში, კონსულტაცია გაუწიეს 300-ზე მეტ მოქალაქეს და შეისწავლეს 30 ინდივიდუალური საქმე, რომლებიც ძირითადად ეხებოდა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოების საკითხებსა და გადაადგილების თავისუფლებას, სოციალურ საკითხებსა და პატიმართა უფლებებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშის მომზადების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებები და რეკომენდაციები. ისაუბრეს ზარდიაანთკარის შესახებ სპეციალურ ანგარიშზე; განიხილეს სპეციალური ანგარიში პატიმრების შესახებ, სადაც ყველაზე მტკივნეულ საკითხად კვლად რჩება მუდმივი დაკავებები გამყოფ ხაზზე და პატიმრების საკითხი; ასევე განიხილეს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც საქართველოში მცხოვრებ, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ეთნიკურად ოს მოსახლეობას აწუხებს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ შემდგომი სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, სადაც კიდევ ერთხელ განიხილავენ არსებულ პრობლემებს და გამოძებნიან მათი გადაჭრის გზებს.