სამუშაო შეხვედრა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
თავის მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა კონფლიქტურ რეგიონებში და უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ინტენსიურად ჩავდივარ კონფლიქტის მოსაზღვრე რეგიონებში, ვხვდები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს; მუდმივად ვეცნობი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას და მივიჩნევ, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ძირეული დახმარება და თანადგომა ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებს და ხელისუფლების ყველა შტოს აქტიურ ჩართულობას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, USAID/კავკასიის, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როთბლუმი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი საბედაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზები. ისაუბრეს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის როლზე.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.