სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით

უკვე 13 წელია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები დამანგრეველ გავლენას ახდენს, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებზე. კვლავ გრძელდება რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ადამიანების უკანონოდ დაკავება და დაჯარიმება. 2009 წლიდან 2020 წლამდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 204 ადამიანი[1]. მათგან, 1 314 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 890 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. ბოლო წლებში საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირდა უკანონოდ დაკავებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და ხანგრძლივი პატიმრობის შეფარდება.[2] თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადგილი აქვს პატიმართა ცემისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს.

წლიდან წლამდე უარესდება გადაადგილების თავისუფლება ორივე ოკუპირებულ რეგიონში. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომას. დაწესებული შეზღუდვების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. განსაკუთრებით ყურადსაღებია ოკუპირებულ ახალგორში არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. ე.წ. გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტებმა ნათლად წარმოაჩინა სამედიცინო დახმარების სავალალოდ დაბალი ხარისხი და თავისუფალი მიმოსვლის სასიცოცხლო მნიშვნელობა.

მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ხელოვნური იზოლაციის პირობებში, პანდემიის დროს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2021 წლის 2 აგვისტოს მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევები 22 227-მდე გაიზარდა, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში 4 215-მდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან სრული მზადყოფნა გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად, განსხვავებული აღმოჩნდა დე ფაქტო ხელისუფლებების პოზიცია ამ დახმარების მიღებაზე. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებისთანავე თავად გამოავლინა ინტერესი, რომ საქართველოსგან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, მატერიალური დახმარება (სამედიცინო აღჭურვილობა) მიეღო. ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი დღემდე კატეგორიულ უარზეა, საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან მიიღოს რაიმე ტიპის დახმარება. ოკუპირებულ გალის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ მოქალაქეებს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ ვაქცინაციის პროცესის მიმართ. ასევე, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია კოვიდ 19-ის ვაქცინის უსაფრთხოებაზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კოვიდ 19-ის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად, რაც შემდგომში მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს და დააჩქარებს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს.

უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს, ჯანდაცვის და განათლების ხარისხი.განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად განათლების ხარისხი მკვეთრად გააუარესა.

ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.


[1] საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2020 წლის 21 ოქტომბრის №SSG 6 20 00131318 წერილი

[2] ამის ნათელი მაგალითია: ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)