სახალხო დამცველი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე მოხსენებით გამოვიდა
2023 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟენევაში (შვეიცარია) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოსთან თანამშრომლობის (52/40) რეზოლუციასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსულმა ლევან იოსელიანმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ სიცოცხლის უფლება ამ ტერიტორიებზე კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ახალგორში ქართველების სავარაუდო წამებისა და მკვლელობის საქმეები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოძიებული და არც არავინ დასჯილა. დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო აღრმავებს უსაფრთხოების მყიფე მდგომარეობას, რასაც განსაკუთრებით გრძნობენ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები.
სახალხო დამცველმა ისაუბრა უკანონო დაკავებებსა და პატიმრობაზე, დე ფაქტო რეჟიმების მიერ გადაადგილების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის ხშირ პრაქტიკაზე, რაც თავისთავად აფერხებს ადგილობრივების ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე. ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ გალში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის უარყოფით შედეგებზე და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წვდომის აღდგენის აუცილებლობას.
„ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, რომელიც ამ ტერიტორიებზე დღემდე ინარჩუნებს ეფექტურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო კონტროლს.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია - დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლის დასასრულს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოსთან თანამშრომლობის (52/40) რეზოლუციასთან, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საბჭოს წევრებმაც გამოთქვეს.