"ოსური ფორუმის" შეხვედრა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
2015 წლის 13 თებერვალს სახალხო დამცველთან შექმნილი „ოსური ფორუმის“ წევრებმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოსური თემის წინაშე არსებული პრობლემები წარმოადგინეს. განხილვას დაესწრნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრები.
განხილვისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ მოკლედ ისაუბრა სახალხო დამცველთან შექმნილი საკონსულტაციო ორგანოს – „ოსური ფორუმის“ ერთწლიანი მუშაობაზე, საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეთა პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაზე. აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ოსური ფორუმის ჩართულობით არაერთი რეკომენდაცია და წინადადება მომზადდა და გაეგზავნა სახელმწიფო ორგანოებს. სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტრომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოთავსებული ოსური სახლის აღდგენა გაითვალისწინა.
ოსური ფორუმის წევრებმა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მდებარე საჯარო სკოლებში ოსური ენის სწავლების საკითხებზე, ოსური ენის მასწავლებელთა მომზადება–გადამზადებასა და სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლოეს ხანებში ამოქმედდებაქართულ–ოსური სამეცნიერო ცენტრი.
ასევე განიხილეს იმ ოსი ეროვნების მოსახლეობის პრობლემები, რომლებმაც 90–იან წლების კონფლიქტის შედეგად დატოვეს საცხოვრებელი სახლები და სხვა ქვეყანაში გადასახლდნენ. მათ საქართველოში დაბრუნების შემდეგ რესტიტუციისა და ორმაგი მოქალაქეობის მიღების პრობლემები შეექმნათ.
სახალხო დამცველის აპარატი ამზადებს და მარტის თვეში წარმოადგენს კვლევას ოსი ეროვნების მოქალაქეთა წინაშე არსებული სირთულეების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წევრები დაინტერესდნენ სახალხო დამცველის საქმიანობით ამ სფეროში და აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტროების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.