სიახლეები

ანგარიშები კონფლიქტებით დაზარალებულთა და დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

2015 წლის 5 ივნისს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „საქართველოში კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისა“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა“ უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშები წარუდგუნა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ანგარიშებში ასახული საკითხები, ამ მიმართულებით გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა და დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილთა განსახლების სპეციფიკაზე და სამინისტროში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. ასევე, განიხილა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით მიღწეული დადებითი შედეგები.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელის მოადგილემ საქართველოშიჰაი შელოუმ სახალხო დამცველის აპარატთან წარმატებულ და ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამ ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

„საქართველოში კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის“ უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის დევნილთა საკითხების პროექტის კოორდინატორმა თორნიკე ცაგარეიშვილმა წარმოადგინა.

ანგარიშში ხაზგასმულია დევნილთა საცხოვრებელი პირობების, მათი განსახლებისა და პრივატიზაციის საკითხები; მიმოხილულია დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ სიახლეებთან დაკავშირებით მათი დაბალი ინფორმირებულობის პრობლემები.

სახალხო დამცველის მთავარმა მრჩეველმა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილმა „საქართველოში კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის“ მდგომარეობის შესახებ ანგარიშში გამყოფი ხაზის სოფლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა. ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე, , გადაადგილების თავისუფლების არსებულ შეზრუდვებზე და ხშირ დაკავებებზე.

2014 წლის დეკემბერში, ცხინვალის ციხეში სხვადასხვა ბრალდებით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა საქართველოს 6 მოქალაქეს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსთავის და ქსნის ციხეებში 7 ოსი პატიმარია, რომლებიც „გაცვლას“ ან ცხინვალში გადაყვანას ითხოვენ. რაც შეეხება აფხაზეთში თავისუფლებააღკვეთილ პირებს, საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ გააჩნია მათი სრული სია და არ ფლობს ინფორმაციას მათდამი წაყენებული ბრალდებების შესახებ.

2014 წელი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა გალის რაიონის მცხოვრებთათვის. სიცოცხლის, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრების უფლებების დარღვევა, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა - დარღვევათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც რეგულარულად ფიქსირდება აღნიშნულ რაიონში.

პრეზენტაციების შემდგომ გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტით დაზარალებული პირების დაცვის მეტი მექანიზმების აუცილებლობაზე.

ღონისძიება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გადასაჭრელად“ ფარგლებში გაიმართა.

კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

5.06.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)