სიახლეები

აჭარის სკოლებში აფხაზური ენის სწავლების დაწყების თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გაითვალისწინეს სახალხო დამცველის წინადადება აჭარაში მსურველებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის (კლასების) გახსნის შესახებ და აჭარის ორ სკოლაში 2017 წლის იანვრიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ ლინგვისტური მრავალფეროვნება საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მისი დაცვასა და განვითარებას საქართველოს სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

„მისასალმებელია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს წინადადებას და გაწია ყველა ის სამუშაო, რითაც აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს, შესაძლებლობა მიეცათ, სკოლებში შეისწავლონ აფხაზური ენა. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ბატონ პეტრე კანკავასა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური თემის წარმომადგენლის, საქართველოს პარლამენტის წევრის ქალბატონ სვეტლანა კუდბას დიდი წვლილი“ - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებს. გასულ წლებში სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები არაერთხელ შეხვდნენ აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს და შეისწავლეს თემის საჭიროებები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი აქტუალური იყო მშობლიური ენის შესწავლის საკითხი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)