სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა საკითხებში ზოგადი განათლების სპეციალისტებისთვის

2021 წლის 15-20 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტმა მასწავლებლის სახლის ტრენერების, პროგრამების ხელმძღვანელებისა და „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის კონსულტანტი პედაგოგებისთვის ტრენინგების სერია ჩაატარა.

ტრენერთა ტრენინგი (ToT) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) თანამშრომლობით განხორციელდა და მას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებზე, შშმ პირთა და ინკლუზიური განათლების, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის პრევენციის საკითხებზე; ადამიანის უფლებათა სწავლებაზე, ინდოქტრინაციის პრევენციასა და მშვიდობის განათლებაზე ფორმალური განათლების სფეროში; დეტალურად განიხილეს პედაგოგთა შრომითი უფლებებიც.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა პერსონალური, მათ შორის არასრულწლოვნების მონაცემების კანონიერად დამუშავების საკითხი მიმოიხილეს, რაც კოვიდ 19-ის პანდემიისა და დისტანციური სწავლების პროცესში კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

მომზადებული ტრენერები სამომავლოდ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთათვის განსაზღვრულ ონლაინ კურსს გაუწევენ ფასილიტაციას, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მასწავლებლის სახლთან თანამშრომლობით მოამზადა. ონლაინ კურსი განთავსდება edex.emis.ge-ის პლატფორმაზე და მსურველთათვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)