სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თემაზე - „ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხები“

2017 წლის 27-29 მარტს, ყვარელში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და ,,სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხები“, სადაც განხილულ იქნა ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მექანიზმები, ასევე ეროვნული საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. ტრენინგს საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის დამასრულებელი კურსისა და მაგისტრატურის კურსის 16 სტუდენტი დაესწრო და მას უძღვებოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები ზუზანა კოვალოვა და სალომე ქუსიკაშვილი, ასევესახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი თამთა პაპუაშვილი.

ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლისა და მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე ეროვნული საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის გააზრება საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, სტუდენტებს დაეხმარება შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც შესაძლოა სამომავლოდ მათი აკადემიური და პროფესიული ინტერესის სფერო გახდეს. ტრენინგი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლტოლვილთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ამ მოწყვლადი ჯგუფის მარგინალიზაციის თავიდან აცილებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

ტრენინგი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის წარმომადგენლობის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს სახალხო დამცველის ოფისისა და UNHCR-ისგან გადაეცათ ჩანთები და სახელმძღვანელოები ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის შესახებ. ამასთან ერთად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა ტრენინგის მონაწილეებისთვის გამოაცხადა სტაჟირების შესარჩევი კონკურსი, რომელსაც წარმატებული სტუდენტები გაივლიან და მიეცემათ საშუალება პროფესიული გამოცდილება მიიღონ UNCHR-ის სამხრეთ კავკასიის ოფისში.

27.03.17 -29.03.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)