სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თემაზე - „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“

2016 წლის 10-13 ნოემბერს, ყვარელში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე – „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“, სადაც განხილული იყო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების სხვადასხვა ასპექტები. ტრენინგს ცენტრალური და რეგიონული მედიის 15 წარმომადგენელი დაესწრო.

ოთხი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: გენდერული თანასწორობის პრინციპები, გენდერული როლები, სტერეოტიპები და საზოგადოების განწყობები, მედიის როლი კონფლიქტების გაშუქებისას, რეზოლუცია #1325 „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, ქალთა/ადამიანის უფლებადარღვევისას პრობლემის სწორად ფორმულირება და ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების მოძიება, რესპონდენტის კონფიდენციალობა და ჟურნალისტური ეთიკა, როგორ უნდა გაშუქდეს გენდერული ძალადობა, ქალთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული ინსტიტუციური მექანიზმები.

სასწავლო კურსი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდებს. თეორიული მასალის მოსმენის გარდა, ძირითადი ფოკუსი გაკეთდა დისკუსიებსა და ღია მსჯელობებზე, ჯგუფურ სავარჯიშოებზე, პრეზენტაციებსა და ფილმის ჩვენებებზე. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ საშუალება მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოესმინათ არგუმენტები და განევითარებინათ თავიანთი მსჯელობა.

ტრენინგს წარუძღვნენ საერთაშორისო ექსპერტი ჰანნა სთორმი, ქართველი ექსპერტი ზვიად ქორიძე და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ანი ლობჟანიძე.

აღსანიშნავია, რომ გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ, მნიშვნელოვანია მათ მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ, რათა მოხდეს პირველ რიგში ჟურნალისტების, ხოლო შემდგომ საზოგადოების სწორად ინფორმირება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების აკადემია მომავალშიც განაგრძნობს ჟურნალისტების გადამზადებას აღნიშნული მიმართულებით.

10.11.16-13.11.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)