სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი პროკურატურის თანამშრომლებისთვის
2016 წლის 21 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თბილისის და რეგიონული პროკურატურის 42 პროკურორს და გამომძიებელს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება“.
პროკურორებისთვის განკუთვნილი სატრენინგო პროგრამა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების გზებზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შესაძლებელი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ინდიკატორებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ქართული კანონმდებლობის გამოყენების გზებს, არასათანადო მოპყრობის გამოძიების სტანდარტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე და სხვა ძირითად საკითხებს.
ტრენინგს გაუძღვნენ საერთაშორისო ექსპერტები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ოფიცერი ალეშ ჰანეკი, (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) და ტომე შეკერძიევი, ეუთოს მაკედონიის მისიის ოფიცერი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ლევან მესხორაძე და მაკა სტივენსონი. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ტრენინგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ 8 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისაკენ არის მიმართული.