სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის

2016 წლის 19-23 სექტემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამის 15 სტუდენტისათვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“. ამ მიმართულებით მედიის წარმომადგენლებისთვის აკადემიის ფარგლებში რიგით მესამე ტრენინგი ჩატარდა.

ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სატრენინგო პროგრამა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ძირითად საკითხებზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქების სტანდარტებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პრაქტიკაში; აგრეთვე, ცოდნა გაიღრმავეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ.

ტრენინგს უძღვებოდნენ ადგილობრივი ექსპერტი ზვიად ქორიძე, საერთაშორისო ექსპერტი მონიკა ელენა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე. სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები.

ტრენინგი განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიმდინარეობისას წლის ბოლომდე კიდევ 3 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისკენ არის მიმართული.


სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის 19.09.16



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)