სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

2016 წლის 11-12 მაისს, ბორჯომში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების გაშუქების უნარების გაუმჯობესება“, სადაც განხილული იყო საერთაშორისო სასამართლოების მანდატი, ფუნქციური მოდალობები და საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების შინაარსი, პროცესი და განხილვის შედეგები.

ტრენინგ კურსი მოიცავდა სალექციო ნაწილსა და კონკრეტული საქმეების განხილვას. განხილულ თემებს შორის იყო შემდეგი საკითხები - გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მანდატისა და საქმიანობების ზოგადი მიმოხილვა და ამ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს წარდგენილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათ გამოდევნაზე ეთნიკური ნიშნით; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა (ICC) და სხვა სისხლის სამართლის ტრიბუნალების მანდატისა და საქმიანობების ზოგადი მიმოხილვა; ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებების გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, მოსალოდნელი შედეგები, და გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) მანდატისა და საქმიანობების ზოგადი მიმოხილვა და ამ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციიდან ათასობით ეთნიკურად ქართველის დეპორტაციის შესახებ; ასევე, საჩივარი 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით.

ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო სასამართლოების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები: ალექს ვაიტინგი, ნათია კაციტაძე და სიმონ პაპუაშვილი. მასში მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და რეგიონული მედიის თხუთმეტმა წარმომადგენელმა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ევროკავშირის პროექტის, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“, დაფინანსებით ჩატარდა.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია მომავალშიც განაგრძობს ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ორგანიზებას, ადამიანის უფლებების შესახებ მათი ცოდნის გაღრმავების, ჟურნალისტური ეთიკის, ანალიტიკური უნარების გაუმჯობესებისა და ჟურნალისტური მასალის მაღალკვალიფიციურად მომზადების მიზნით.

11.05.06-12.05.06


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)