სიახლეები

სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად თსუ-მ სასწავლო მასალიდან ჰომოფობიური ხასიათის ლიტერატურა ამოიღო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა და სასწავლო მასალის ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი ლიტერატურა სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველის აპარატმა, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი დისციპლინის „პოლიტიკური კულტურის“ სავალდებულო ლიტერატურა შეისწავლა. შესწავლამ ცხადყო, რომ სასწავლო მასალა ჰომოფობიური შინაარსის შემცველი იყო. სახალხო დამცველის აპარატმა ფაკულტეტის ადმინისტრაციას მიმართა და დეკანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, დისკრიმინაციული ხასიათის სასწავლო მასალა ამოღებულ იქნა სავალდებულო ლიტერატურიდან.

უმაღლესი განათლების სფეროში საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით, სასწავლო პროგრამებს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტი შეისწავლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც გაითვალისწინა და ორი სასწავლო კურსის მასალის ჰომოფობიური შინაარსის შემცველი სახელმძღვანელოები სხვა ლიტერატურით შეცვალა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან რეკომენდაციების გაზიარება სამომავლოდ კარგ პრეცენდენტს შექმნის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სასწავლო მასალების უფლებათა უნივერსალურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)