სიახლეები

ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

2015 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში, მეორე ტრენინგი გაიხსნა. რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილ 5 დღიან ტრენინგს „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან.

აკადემიის მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე მიესალმა და გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა რეგიონული მედიასაშუალებების წვლილზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და თანასწორუფლებიანობის იდეის დამკვიდრების საკითხებში.

აკადემიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სატრენინგო პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ძირითად საკითხებზე. კურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტებს, გაიღრმავონ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცოდნა, ასევე, გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას გენდერული საკითხების მგრძნობიარე გაშუქების მიმართულებით.

სატრენინგო კურსი დატვირთული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. ტრენინგს გაუძღვებიან ადგილობრივი ექსპერტები ეკა აღდგომელაშვილი და ზვიად ქორიძე. საერთაშორისო ექსპერტი მონიკა ელენა, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ეკატერინე სხილაძე და ანა ლობჟანიძე. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ახლადდაფუძნებული ადამიანის უფლებათა აკადემია სახალხო დამცველის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებას. აკადემიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ტრენინგი რიგით მეორეა, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ ორი ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი.

3.11.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)