სპეციალური ანგარიშები

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში – მონიტორინგის შედეგები

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.

ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ძირითად წყაროს შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის შეფასება წარმოადგენდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგის დროს, დაინტერესებულ პირებთან მიმართებაში, ორიენტირი გეგმის ზეგავლენასა და მიზნებისა და შედეგების თანხვედრაზე გაეკეთებინა.

მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ ქალებთან, რომლებმაც მათ წინაშე მდგარ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრებზე განხილული იყო ის საკითხები, რომლებიც აქტუალურია, ეხმიანება ქალთა უფლებების დაცვას და შესაძლოა გარკვეულწილად აფერხებდეს მათ რეალიზებას.

მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ სამოქმედო გეგმა ფაქტიურად არ ასახულა იმ მოსახლეობაზე, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ ამ მიმართულებით. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ქალები ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, თუმცა მათზე მიმართული დამცავი თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების ნაკლებობა თვალსაჩინოა.

ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის უკეთ გასაწერად, ფოკუს ჯგუფების შეხვედრების შედეგების თანახმად, მნიშვნელოვანია შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ყველა რგოლის მონაწილეობა, მათ შორის, პირველ რიგში ვინც უშუალოდ არის ადგილობრივ დონეზე ჩართული საქმიანობაში, რადგან მათ იციან საჭიროებები და არსებული ხარვეზები.

აუცილებელია მომავალში კარგად გაანალიზდეს, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალები და გოგონები, გადაიხედოს სახელმწიფო რესურსები, გამოიყოს შესაბამისი ბიუჯეტი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიწეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს რეზოლუცია 1325 და მისი თანმდევი რეზოლუციების პრინციპებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)