ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვას. ანგარიშის მიზანია თავი მოუყაროს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის, დისკრიმინაციისა და სოციალური ექსკლუზიის ბრძოლის ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებსა და მათ ქვეშ, საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ლგბტ+ ადამიანთა უფლებების დაცვას, მათ სამოქალაქო ინკლუზიასა და მათთვის ადეკვატური ცხოვრების სტანდარტის უზრუნველყოფას.
ლგბტ+ უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვის მიზნით, წინამდებარე დოკუმენტი დაეყრდნო სამაგიდო კვლევის მეთოდოლოგიას, რაც მოიცავდა ლგბტ+ უფლებებზე სართაშორისოდ დადგენილი ძირითადი სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამოკვეთას და მათ ანალიზს. შესაბამისად, დოკუმენტი დაეყრდნო საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებსა და მათ მიერ შემუშავებულ კონვენციებს, რეკომენდაციებს, რეზოლუციებსა თუ ანგარიშებს.
ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ.