სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან და ქალებთან

2025 წლის 25 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსი სოფიო რუსეცკი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის, პირველი სამედიცინო სასწავლებლის და პროფესიული უნარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის - „სტუდენტებისა და მოწყვლადი ჯგუფის ქალების ცნობიერების გაზრდა, ჯანდაცვის პრიორიტეტული სფეროს მიმართულებით“ მონაწილე ქალებსა და სტუდენტებს შეხვდა.

სოფიო რუსეცკიმ შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დამცველის მანდატი და გენდერის დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისა და მსხვერპლთა გაძლიერების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოების როლზე ისაუბრა და ძალადობის მსხვერპლთათვის ქვეყანაში არსებულ დაცვისა და დახმარების სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე განიხილეს ადრეულ/ბავშვთა ქორწინებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ინდივიდუალურ საკითხებზე კონსულტაციები გაიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)